საგამოცდო პროცესი დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ტარდება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.
22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
„დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელებს ბარათების ამობეჭდვა საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეეძლოთ. 2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა საგამოცდო ობიექტები შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

