ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა 12 000-მდეა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი 4 600-მდე.

გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო, ხოლო პირველი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წლების მსგავსად, მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება.

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი, აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები – ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.