ერთი სული მაქვს, საქართველოში ჩავიდე და ვითამაშო - ამერიკული მედიის ინტერვიუ მამუკელაშვილთან #1TVSPORT
NBA-ის საზაფხულო ლიგა სანდრო მამუკელაშვილმა და მისმა გუნდმა, „მილუოკი ბაქსმა“ დაასრულა. ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა, რის შემდეგაც ამერიკული მედიის ყურადღება მიიქცია.
The Athletic-მა ახალგაზრდა კალათბურთელის თამაში, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასა და მას ინტერვიუც ჩამოართვა, სადაც სანდრო მომავალ ევრობასკეტზე ისაუბრა.
„საზაფხულო ლიგაზე „ბაქსის“ 5 შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილი ხშირად პარკეტზე საუკეთესო იყო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, შესაძლოა, ეს საუკეთესო მომენტიც კი იყო:
არ აქვს მნიშვნელობა რა თამაშია, ხშირად ვერ ნახავთ მოთამაშეს, რომელიც თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე ასეთ ბრუნს აკეთებს, ატენის ბურთს თავზე მაღალ მოწინააღმდეგეს და გაჰყავს თავისი გუნდი წინ. გასულ სეზონზე ასეთ ქმედებას მამუკელაშვილისგან არავინ წარმოიდგენდა.
მამუკელაშვილმა The Athletic-თან განაცხადა, რომ წინა სეზონში ის 105 კგ იყო, ახლა კი მან წონა მოიმატა და საზაფხულო ლიგის დროს 109 კგ იყო. ეს დამატებითი ძალა კარგად გამოჩნდა ჩატენვის დროს „სელტიკსთან“ მატჩში, სანდროსგან ასევე ვნახეთ ჩაგდებული ბურთების დროს მოპოვებული ჯარიმები და შეტევის დროს გადაადგილება მთელ პარკეტზე.
მიუხედავად ბოლო შეხვედრაში ცუდი მატჩისა (3 ქულა), მამუკელაშვილმა საშუალოდ 27.9 წუთში 17 ქულა, 8.8 მოხსნა და 2.2 პასი დააგროვა, ის თამაშიდან 45, პერიმეტრიდან კი 47.6 პროცენტი სიზუსტით ისროდა. ის გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო და ზუსტად ამის ხილვა სურთ ხოლმე გუნდებს, როცა მოთამაშეებს მეორე სეზონის დაწყებამდე საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ უშვებენ.
სანამ სხვა კალათბურთელებს აღარ მოუწევთ თამაში ზაფხულში, მამუკელაშვილს შანსი ექნება კიდევ უფრო გაძლიერდეს, როცა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის სათამაშოდ შეუერთდება.
„საქართველოში გავიზარდე, ბავშვობაში ყველა მატჩზე დავდიოდი და ეს გრძნობა მახსოვს. სახლში როცა ვბრუნდებოდი, ვცდილობდი ყველაფერი, რასაც ნაკრების მოთამაშეები აკეთებდნენ, გამემეორებინა. ახლა კი მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი ნიჭი გამოვავლინო და ჩემი პატარა ქვეყნის სახელით ვითამაშო.
პირველ რიგში, მახსოვს, რომ NBA-ში მოთამაშე ორი ქართველიდან ერთ-ერთი ვარ, შესაბამისად ყოველთვის, როცა პარკეტზე გამოვდივარ, ვცდილობ ყველას დავანახო, თუ როგორი ძლიერები არიან ქართველები. ეს დაუჯერებელი გრძნობაა. ერთი სული მაქვს იქ ჩავიდე და ვითამაშო მათთან ერთად. არასდროს მითამაშია მათთან ერთად, შესაბამისად ეს ჩემთვის ახალი გამოცდილება იქნება.“
მაღალ დონეზე თამაში მამუკელაშვილისთვის დიდებული იქნება. საინტერესოა, რა როლი ექნება მას საქართველოს ნაკრებში, რადგან, შესაძლოა, ამან განსაზღვროს მისი მომავალი NBA-ში. საზაფხულო ლიგაზე მას ზუსტად იგივე როლი ჰქონდა, რაც „სეტონ ჰოლში“ თამაშის დროს, როცა ის გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო – ბურთი ხელში ყველაზე ხშირად ეჭირა, კარგად უტევდა და სტატისტიკაც კარგი ჰქონდა. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს როლი მას NBA-ში არ ექნება.
ის ისეთი დიდი და სწრაფი ვერ იქნება, რომ იანის ანტეტოკუნმპოს როლი ჩამოართვას. მას სხვა როლის მორგება მოუწევს, რომ გუნდის დიდ კონცეფციაში ჩაჯდეს. მეტი კონკურენცია მამუკელაშვილისთვის კარგი იქნება, მაგრამ NBA-ში როტაციაში ადგილის მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას შეძლებს ის უფრო პატარა როლზე ყოფნის დროს.“