ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს შანსი - ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში დაიწყო ასპარეზობები.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ხუთმა ქართველმა – ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ბექა ლომთაძემ (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) იასპარეზეს, რომელთაგანაც სამ სპორტსმენს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ზურაბ იაკობიშვილმა წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები ძალიან კარგად ჩაატარა და ხვალ ოქროს მედლისთვის სომეხ არმან ანდრეასიანთან იჭიდავებს. ფინალში გასასვლელად ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ზირადინ ბაირამოვი 4:3 დაამარცხა.
ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებისთვის ბექა ბუჯიაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე იბრძოლებენ.
დღევანდელი ხუთი წონის ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.