ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე - ბათუმის „დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT
ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე - ბათუმის „დინამომ“ „სამტრედია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 31-ე ტური „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული შეხვედრით დაიწყო – „სამტრედიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

ბათუმელებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – ანგარიში მე-3 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ლადო მამუჩაშვილმა გაზარდა.

„სამტრედიამ“ მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენა სცადა – 53-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მასპინძელთა იმედებს 68-ე წუთზე „ცივი შხაპი“ ცოტნე ფაცაციამ გადაასხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1 ბათუმელთა სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოს“ სამივე გოლი პაატა ღუდუშაურის საგოლე გადაცემით გავიდა.

31 ტურის შემდეგ „სამტრედია“ 29 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა, ხოლო ბათუმის „დინამომ“ 67 ქულა დააგროვა და კონკურენტ „დინამო თბილისს“ 12 ქულით გადაასწრო (თბილისელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და ჩემპიონის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.