აზერბაიჯანული „გაბალას“ ქართველი ფეხბურთელები – მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი აზერბაიჯანში პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურში „გაბალამ“ „ზირა“ შინ მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მესამედ სტუმართა კარი 70-ე წუთზე ვოლკოვმა აიღო, რომელიც, ისევე როგორც გიგაური, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ქართველები ტურის სიმბოლურ ნაკრებში აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა, რომელიც საუკეთესო 11 მოთამაშეს საერთაშორისო პროგრამა „ინსტატ სპორტის“ სტატისტიკაზე დაყრდნობით ადგენს. ორივე მათგანი ტურის რჩეულებში უკვე მეოთხედ მოხვდა. დავით ვოლკოვმა კი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და აზერბაიჯანული ლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია.