ერთად, ერთის წინააღმდეგ - ამ სლოგანით კამპანია „სირცხვილია” პარლამენტის წინ ხვალ აქციას გამართავს
ერთად, ერთის წინააღმდეგ - ამ სლოგანით კამპანია „სირცხვილია” პარლამენტის წინ ხვალ აქციას გამართავს

ერთად, ერთის წინააღმდეგ, – ამ სლოგანით სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას” საორგანიზაციო ჯგუფი პარლამენტის წინ ხვალ აქციას გამართავს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხვალ ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენენ, რომელიც მათი ინფორმაციით, მოიცავს შესაძლებლობას, დააკორდინიროს პროდასავლური პოლიტიკური ძალები. ასევე, განიხილავენ კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებენ.

„ჩვენ გავაცნობთ ადამიანებს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს საინფორმაციო კამპანიებს და ძველ კარგ აქტივიზმს, ანუ კონკრეტულ დეტალებს ხვალ გავაცნობთ. ხვალ ვაპირებთ, დავდგეთ ერთად, ერთის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ პროპორციული არჩევნები, ჩვენი მონაპოვარი რაც არის, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში ერთმმართველობა აღარ იყოს. ერთად ვაჩვენოთ სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ არაფორმალური მმართველობა დამთავრდეს.

დაიწყეს თავების თვლა. ჩვენ 20 სექტემბერს გადავდივართ ისევ აქციის ფორმატზე. მანამდე იცით, გვქონდა საზაფხულო ფორმატი, რომელმაც რესურსების ოპტიმიზაციის საშუალება მოგვცა და ბევრ ადამიანამდე მივედით. წავედით რეგიონებში, იქ გავაკეთეთ საინფორმაციო კამპანიები. ამასვე გავაგრძელებთ 20 სექტემბრის შემდეგ, უბრალოდ 20-ის მერე ამას ექნება უფრო კოორდინირებული სახე, რადგან გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ამის პრეზენტაცია ხვალ იქნება“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.