ერთა ლიგის პლეი ოფი | „კავკასიური დერბის“ თბილისური ფოტოამბავი #1TVSPORT
ერთა ლიგის პლეი ოფი | „კავკასიური დერბის“ თბილისური ფოტოამბავი #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრები 6:1 დაამარცხა და ტურნირის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. „კავკასიური დერბის“ ორივე თამაში სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. ერთად მიმოვიხილოთ საქართველო-სომხეთის დაპირისპირების თბილისური ამბავი.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ დაბრუნდა და გულშემატკივარს საშუალება ჰქონდა, საყვარელი გუნდისთვის ტრიბუნებიდან დაეჭირა მხარი. ქომაგებმა სტადიონზე შეკრება ადრიანად დაიწყეს, ეროვნული დროშითა თუ სხვა ატრიბუტებით აღჭურვილი გულშემატკივრები თამაშის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ.

საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ სტადიონზე სომხეთის ეროვნული ნაკრების ქომაგებიც გამოჩნდნენ. მიუხედავად ერევანში განცდილი მარცხისა, სომეხი ქომაგი დადებით განწყობას ინარჩუნებდა და სანახაობრივი მატჩის მოლოდინში იყო.

თამაშის დაწყებას განსაკუთრებით ელოდნენ პატარა ქომაგები, რომლებსაც საყვარელი ფეხბურთელების ახლოდან ნახვის საშუალება ჰქონდათ.

„დინამო არენაზე“ ჭეშმარიტი საფეხბურთო განწყობა სუფევდა, შესაბამის სექტორებში იყვნენ საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების ქომაგები, სრულ მზადყოფნაში თავიანთი გუნდების გასამხნევებლად.

ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ემოციურად შეასრულეს ეროვნული ჰიმნები. სომხეთის ეროვნულ ჰიმნს ტრიბუნებზე ტაში მოჰყვა, რითიც ქართველმა ქომაგმა მეტოქისადმი პატივისცემა დაადასტურა.

თამაშის დაწყებიდან მალევე საქართველოს ნაკრების შეტევას გოლი მოჰყვა. რიკოშეტის შედეგად ბურთი სომეხ ფეხბურთელს, ვარაზდატ ჰაროიანს მოხვდა და ავტოგოლი დაფიქსირდა. შედეგად, ანგარიში გაიხსნა და ტაბლოზე 1:0 დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

გატანილი გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები მეტოქის კარს ინტენსიურად უტევდნენ, 20 წუთში ოთხი გოლის გატანა მოახერხეს. გიორგი მიქაუტაძემ დუბლით გამოიჩინა თავი, ასევე თავიანთი გოლები გაიტანეს გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმა.

პირველი ნახევარში „ჯვაროსნებმა“ კარი „მშრალად“ შეინახეს და ანგარიში 5:0 დააფიქსირეს. „დინამო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები სიხარულითა და აღტაცებით ადევნებდნენ თვალს ეროვნული ნაკრების შესანიშნავ თამაშს.

მეორე ნახევარი სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა ულამაზესი ე.წ. „მაკრატელა“ გოლით გახსნა. შეხვედრას საბოლოო წერტილი კი ხვიჩა კვარაცხელიამ დაუსვა და საბოლოო ანგარიში, 6:1 დააფიქსირა.

„დინამო არენაზე“ საფეხბურთო განწყობის შექმნაში 47 903-მა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და ფეხბურთელებთან ერთად სპორტულ მატიანეს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს.

„კავკასიური დერბი“ ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის გამომხატველი იყო. ტრიბუნებზე გვერდიგვერდ ისხდნენ სომეხი და ქართველი გულშემატკივარები, ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და თამაშით ტკბებოდნენ.