ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაწყებულია, კვარაცხელია ჩამოვიდა - საქართველოს ნაკრები საგურამოში ვარჯიშობს #1TVSPORT
ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული გუნდი შეკრიბა და „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყეს.
სექტემბრის შეკრების პირველ დღეს ეროვნულმა გუნდმა მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრების საწვრთნელ პროცესში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა მოთამაშეები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.
პირველ დღეს კი საგურამოს „ლოკო არენაზე“ ივარჯიშეს ლუკა გუგეშაშვილმა, ოთარ კაკაბაძემ, ლუკა ლოჩოშვილმა, გიორგი გველესიანმა, საბა გოგლიჩიძემ, ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი წიტაიშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი მიქაუტაძემ.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს „მიხეილ მესხის არენაზე“ ჩეხეთს უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთის ესტუმრება.