ერთა ლიგა | უნგრელები ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას იმედოვნებენ #1TVSORT
უნგრეთის ნაკრების გულშემატკივართა უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან კონკურენციაში მათი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის A დივიზიონში დაბრუნდება – ამის შესახებ გამოცემა Csakfoci წერს.
„როგორც ცნობილია, უნგრეთის ეროვნული ნაკრები 2026/2027 წლების ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფში უკრაინის, საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებს დაუპირისპირდება. ჯგუფის გამარჯვებული A ლიგაში დაწინაურდება, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი ამას პლეიოფის მეშვეობით შეეცდება.
ჩვენი ვებგვერდის გამოკითხვაში 40 პროცენტმა მიიჩნია, რომ A ლიგაში უნგრეთი დაწინაურდება. 38 პროცენტის აზრით, გუნდი თუ პირველ ადგილზე ვერ გავა, A ლიგის პლეიოფში მოსახვედრად მაინც იბრძოლებს.
გამოკითხულთა უფრო მცირე ნაწილი, 16 პროცენტი თვლის, რომ ეროვნული ნაკრები მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხებას შეძლებს და B ლიგაში დარჩენა გაუჭირდება, ხოლო 6 პროცენტი ელის ნეგატიურ სცენარს, რომლის დროსაც გუნდი ბოლო ადგილზე გავა და C ლიგაში დაქვეითდება“, – წერს უნგრული გამოცემა.