ერთა ლიგა 19-წლამდელებშიც იწყება - საქართველო აქ უკეთეს კალათაშია
ერთა ლიგა 19-წლამდელებშიც იწყება - საქართველო აქ უკეთეს კალათაშია

უეფას გადაწყვეტილებით, 19-წლამდე ნაკრებთა მონაწილეობითაც ერთა ლიგის მსგავსი ახალი ფორმატის გათამაშება 2020-22 წლებში გაიმართება.

აქაც გუნდები რეიტინგებით გადანაწილდნენ – ოღონდ უეფას წევრი ქვეყნების 19-წლამდე ნაკრებების მიერ 2015-2019 წლებში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით და 54 ნაკრები სამ ლიგაში გადანაწილდა.

A ლიგა – 20 გუნდი – 5 ჯგუფი

B ლიგა – 16 გუნდი – 4 ჯგუფი

C ლიგა – 18 გუნდი – 5 ჯგუფი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები (დაკომპლექტებული 2003 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ფეხბურთელებით), ნიონში გამართული წილისყრის შედეგად B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა.

წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა. 2022 წლის 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად გუნდები ბრძოლას მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებენ.

2020 წლის 7-13 ოქტომბერს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მატჩები ბულგარეთში შედგება.

B ლიგაში მონაწილე 16 ნაკრებიდან ხუთი საუკეთესო A ლიგაში აღზევდება, მათ ადგილს კი A ლიგის ბოლო ხუთი ნაკრები დაიკავებს. B ლიგის დაბალრეიტინგული ხუთი გუნდი კი C ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს ქვედა ლიგიდან აღზევებული ხუთი ნაკრები შეავსებს.

გათამაშების ახალი ფორმატი, 2022 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდს წარმოადგენს, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.

A ლიგაში მყოფი ნაკრებები ოთხივე რაუნდში იასპარეზებენ. B ლიგის გუნდები სამ რაუნდში, C ლიგის ნაკრებები კი ორ რაუნდში ითამაშებენ.

პირველი რაუნდი 2020 წელი – 2 სექტემბერი – 17 ნოემბერი

მეორე რაუნდი 2021 წელი – ივნისი

მესამე რაუნდი 2021 წელი – 30 აგვისტო – 16 ნოემბერი

მეოთხე რაუნდი 2022 წელი – 21-29 მარტი

2022 წლის ივლისში, ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს. ფინალურ ეტაპზე სულ რვა ნაკრები ითამაშებს.