მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ესპანეთის თასის ნახევარფინალში შეხვდებიან. ესპანეთის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა უკვე დასრულდა.
ერთ წყვილში „ვალენსია“ „ბეტისს“ შეხვდება, მეორეში კი ერთმანეთს ფავორიტები – „ბარსელონა“ და „რეალი“ გადაეყარნენ.
პირველი მატჩები 6 თებერვალს გაიმართება. მასპინძლები „ბეტისი“ და „ბარსელონა“ იქნებიან. განმეორებითი მატჩები 27 თებერვალს გაიმართება.
საინტერესოა, რომ 2 მარტს „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში შეხვდებიან. ასე რომ, გულშემატკივრებს ერთი თვის განმავლობაში სამი „კლასიკო“ ელოდებათ.
აქედან ორი ოთხი დღის ინტერვალით, მადრიდში გაიმართება.