ერთ კვირაში ევროს ბანკნოტების ახალი დიზაინის შერჩევა დასრულდება
დორტმუნდში (გერმანია) გადაღებული 20-ევროიანი ბანკნოტის ლოგო. 2020 წლის 27 იანვარი
მომავალში ევროს ბანკნოტებზე ისტორიული პირების პორტრეტების ხილვა გირჩევნიათ თუ ევროკავშირის ბუნებრივი მემკვიდრეობის ამსახველი გამოსახულებების? ამ საკითხზე ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ონლაინ კონსულტაცია 21 სექტემბრამდე გაგრძელდება და ევრობანკნოტების ახალი დიზაინი სწორედ მისი შედეგების საფუძველზე შეირჩევა.
ევროპის ცენტრალური ბანკი საზოგადოებასთან კონსულტაციას თავის ვებგვერდზე 21 სექტემბრამდე მართავს. ეს ნიშნავს – თქვენ კიდევ ერთი კვირა გაქვთ იმისთვის, რომ ხმა მისცეთ ევროს ახალი ბანკნოტების დიზაინს, რომლის მიმოქცევაში გაშვებასაც ბანკი ამზადებს.
როგორ შეიძლება ევროს ბანკნოტებზე ევროკავშირი უკეთ იყოს წარმოდგენილი? პირველი ვარიანტი იმ ადამიანების გამოსახვაა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნებისა და მეცნიერების ისტორიაში – მარია კალასიდან მარი კიურიმდე, ბეთჰოვენიდან სერვანტესამდე. მეორე ვარიანტი კი ევროპის კონტინენტის ბუნებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენაა და ეს იმ ფრინველებისა ან პეიზაჟების შერჩევის გზით უნდა მოხდეს, რომლებიც ევროკავშირის გარემოსდაცვითი მიზნების გამოხატვას ემსახურებიან. ევროპის ცენტრალური ბანკის ბანკნოტების დიზაინის ხელმძღვანელი, ფილიპ ჟოფრუი ამ ორ ვარიანტს შორის თავისი პირადი სიმპათიების გამჟღავნებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
„ადამიანები ბანკნოტებთან თავს ვერ აიგივებენ“
მისი აზრით, ბანკნოტების დიზაინის შეცვლის დრო დიდი ხანია დადგა. მათი ამჟამინდელი დიზაინი თითქმის 25 წლის წინ, ევროს შემოღების დროს შეიქმნა. ჟოფრუის თქმით, იმ დროს მიზანშეწონილად მიიჩნეოდა, დამატებითი შეზღუდვები არ დაგვეწესებინა და ნეიტრალური დიზაინი გამოგვეყენებინა, მაგალითად, კარები და ფანჯრები, რომლებიც ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ღიაობის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
„თუმცა, ადამიანები მოქმედ ბანკნოტებთან თავს ვერ აიგივებენ; მისი დიზაინი ძალიან ნეიტრალურია და მათ ამის შეცვლა სურთ, რათა ბანკნოტების დიზაინთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეძლონ“, – განმარტავს ახალ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი პირი. ბანკნოტების ახალი სერია ასევე აღჭურვილი იქნება გაყალბებისგან დამცავი ახალი ელემენტებით. სავარაუდოა, რომ ის მიმოქცევაში მომდევნო 2-4 წელიწადში შევა.