ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბონაკო“-ს რეგისტრაცია გაუუქმა
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბონაკო“-ს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო“-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის წარდგენისა და კავშირის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.

„ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაციის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში და „ბონაკო“-ს ლიკვიდატორის, პაატა ტეფნაძის განცხადებას ავრცელებენ.

ლიკვიდატორი ვალდებულებების ინვენტარიზაციას ჩაატარებს. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კრედიტორებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარადგინონ. ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი ხელთ არსებული დოკუმენტაცია; საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები. იურიდიული პირის შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი ხელთ არსებული დოკუმენტაცია; საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.