ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5 პროცენტამდე გაზარდა

12:39, 25.07.2018

საქართველოში, ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით, პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ).

ამასთანავე, ბანკის განმარტებით, ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც. შედეგად, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა.

სებ-ის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება საგარეო სექტორშიც. მაღალი ტემპით იზრდება საქონლის ექსპორტი  -28 პროცენტი და ტურისტული შემოსავლები  -24 პროცენტი. ასევე გრძელდება ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც  – წლიური ზრდა 18 პროცენტს შეადგენს. თუმცა, საგრძნობლად დაჩქარებულია იმპორტის ზრდის ტემპიც  – 23 პროცენტი.

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.​

მსგავსი