ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას წიგნი - „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ წარუდგინა
ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას წიგნი - „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ წარუდგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საზოგადოებას ახალი გამოცემა წარუდგინა. წიგნი „ქართული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ საარქივო ფონდებში დაცულ ხელნაწერებსა და ისტორიულ საბუთებს აერთიანებს.

გამოცემაში შეტანილია ეროვნულ არქივში დაცული IX-XIX საუკუნეების ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების მოხატულობები და შემკულობები, გამორჩეული ანდერძ-მინაწერები და ავტოგრაფული ნუსხები, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ნუსხები, ბოლო ხანებში გამოვლენილი პალიმფსესტები და სხვა სიახლეები, ხელრთვები და ბეჭდები. წიგნის რედაქტორ-შემდეგენელია ქეთევან ასათიანი; რედაქტორები – ნათია დუნდუა, დალი ჩიტუნაშვილი, მანანა ჭუმბურიძე.

ახალი გამოცემის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ღონისძიებას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ეროვნული არქივის მაღაზიაში.

აღსანიშნავია, რომ არქივში 1 000-მდე ხელნაწერი და 15 000-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.