ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 53 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებიდან 19 სამეგრელო-ზემო სვანეთში, ცხრა – ქვემო ქართლში, რვა – სამცხე-ჯავახეთში, ექვსი – გურიაში, ხუთი – იმერეთში, სამი – შიდა ქართლში, ორი – მცხეთა-მთიანეთში და ერთი კახეთში გამოვლინდა.
ამასთან, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების სამი ფაქტი დაფიქსირდა.
„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 561 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევების პრევენციისა და გამოვლენის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებითაც აღჭურვილია რეგიონული სატყეო სამსახურები. მათი გამოყენება მონიტორინგის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტების გამოვლენას უწყობს ხელს. ეროვნული სატყეო სააგენტო, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბენაშვილმა.