ეროვნული საფეხბურთო ლიგა - შესაძლოა, დღეს საქართველოს ჩემპიონი გაირკვეს
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - შესაძლოა, დღეს საქართველოს ჩემპიონი გაირკვეს

დღეს, ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართება და შესაძლოა, ქვეყნის ჩემპიონისა და გადათამაშების მონაწილეს ვინაობა გაირკვეს.

“დავით პეტრიაშვილი-არენაზე” „საბურთალო“ „დინამოს“ დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, კახა კაჭარავას გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლებს გაინაღდებს. „საბურთალო“ კი მე-4 ადგილის დაკავებით ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს.

ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში ითამაშებენ და დარჩენილ ორ შეხვედრას პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენებენ. ქუთაისელები კი ჩემპიონობისთვის იბრძვიან, თუმცა საჩემპიონო შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვებასთან ერთად უშუალო კონკურენტის, თბილისის „დინამოს“ წაგებაც აწყობთ.

თბილისის „ლოკომოტივი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თბილისელები მე-4 ადგილზე გასვლისა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ, იმერლებმა კი ევროტურნირების საგზური უკვე გაინაღდეს და მე-2 ადგილზე გასვლის მხოლოდ მიზერულ შანსს ინარჩუნებენ.

ეროვნული ლიგის გადათამაშებაში მონაწილეობის უფლების მოპოვება შეუძლია ფოთის „კოლხეთს“, რომელიც „პარკი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს და მიზნის მსიაღწევად ფრეც ჰყოფნის. „ჩიხურას“ კი არც გავარდნა ემუქრება, მე-4 ადგილზე მოხვედრის შანსიც დაკარგა და დარჩენილ მატჩებს საქართველოს თასის ფინალისთვის მოსამზდებლად იყენებს.

„დილამ“ ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა და რეალურად, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩს, რომელშიც ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. „შუქურას“ კი, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების მიზერული შანსი დარჩა და გადათამაშების ზონაში მოსახვედრად მოგებასთან ერთად ფოთის „კოლხეთის“ წარუმატებლობა აწყობს.