ეროვნული საფეხბურთო ლიგა | ბათუმის „დინამო“ ლეგიონერებმა დატოვეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი ჰყავს, თუმცა არსებული ფინანსური დავალიანებების გამო გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს, – ინფორმაციას საერთაშორისო მენეჯერული პლატფორმა Transfermarkt-ი ავრცელებს.
კონტრაქტი დაუსრულდა ცენტრალურ ნახევარმცველს, მოჰამედ ფოფანას, რომელმაც კარიერის გაგრძელების შანსი თურქეთში მიიღო და ხელშეკრულება სუპერლიგის „ბაშაქშეჰირთან“ გააფორმა.
ტუნისელი ნახევარმცველი გაიით უაჰაბი სამშობლოში დაბრუნდა და „ესპერანსში“ ჩაირიცხა. ამ ეტაპზე უგუნდოდ მხოლოდ ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარაა დარჩენილი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
„დინამო ბათუმის“ გასხვისების პროცესი დასრულდა და კლუბის ასპროცენტიანი წილი სააქციო საზოგადოება „დინამო ბათუმი 1923“-მა შეიძინა. ახალმა მფლობელმა, გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ფარგლებში, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულება აიღო.
ამჟამად კლუბს ფეხბურთელებისა და სხვა პირების მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო ფიფა-ს მიერ დაწესებული სატრანსფერო შეზღუდვა აქვს, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. ახალი მენეჯმენტის მიზანია, დავალიანებები უმოკლეს ვადაში დაფაროს, რათა „დინამომ“ შეუფერხებლად შეძლოს ოპერირება და სატრანსფერო ბაზარზე დაბრუნება.