ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2 - სენსაცია „თელავისგან“
ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2 - სენსაცია „თელავისგან“

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის მე-13 ტური მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „სამგურალმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ბესიკ ხაჭიპერიძის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა – წყალტუბოელები მარტვილის „მურთაზ ხურცილავაზე“ „ცხინვალს“ შეხვდნენ. მე-16 წუთზე სტუმრები ზვიად მეტრეველმა დააწინაურა, მაგრამ თენგიზ ბრეგვაძისა (45+1) და გაგა ჩხეტიანის (75) გოლებით, „სამგურალმა“ 2:1 გაიმარჯვა, 14 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-9 ადგილს თავი დააღწია.

„მცხეთა პარკზე“ „ვიტ ჯორჯია“ „თელავს“ დაუპირისპირდა და ლიდერობის დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა. შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა: „ვიტ ჯორჯია“ მე-17 წუთზე პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ თელაველებმა მდგომარეობა გამოასწორეს და გივი იოსელიანმა ტაიმის მიწურულს (45+1) წონასწორობა აღადგინა, 61-ე წუთზე ალეკო ჩაკვეტაძის გოლით მასპინძლები მეორედ დაწინაურდნენ 2:2.

თუმცა, მატჩის მიწურულს „ვიტ ჯორჯიას“ დიდი იმედგაცრუება ელოდა: გიორგი ხარებაშვილმა დუბლი (64 და 66 წუთები) შეასრულა და სტუმრები დააწინაურა, ხოლო ირაკლი რუხაძემ მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+2) მასპინძელთა კარი მეოთხედ აიღო და „თელავმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 2:4.

დღევანდელი წარმატებით „თელავი“ ლიგა 2-ში მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ 23 ქულით ისევ მეორეზეა.