ეროვნული ლიგის ტრანსფერები - „დილამ“ პორტუგალიელი მცველი ბურკინაფასოელით ჩაანაცვლა, „იბერიას“ ნახევარმცველი „შერიფში“ ითამაშებს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ტრანსფერები - „დილამ“ პორტუგალიელი მცველი ბურკინაფასოელით ჩაანაცვლა, „იბერიას“ ნახევარმცველი „შერიფში“ ითამაშებს #1TVSPORT

გორის „დილამ“ რუბენ კომპაორე დაიმატა. 19 წლის ბურკინაფასოელმა ცენტრალურმა მცველმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ახალგაზრდა უკანახაზელმა კარიერა სამშობლოში, ადგილობრივ აკადემიაში დაიწყო, 2024 წელს კი ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბს, „კირიატ შმონას“ შეუერთდა. რუბენის ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში.

ის 35 წლის პორტუგალიელ ცენტრალურ მცველს, პედრო მენდეშს შეცვლის, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და რანგით მეორე ლიგის კლუბ „ფეირენშეში“ გორელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რიკარდო კოშტას მიწვევით გადავიდა.

ლეგიონერს შეელია თბილისის „იბერიაც“, რომელმაც დორასო კლასთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. ნიდერლანდების მოქალაქეობის მქონე 25 წლის სურინამელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი მოლდოვის ბოლო წლების საუკეთესო გუნდთან, ტირასპოლის „შერიფთან“ გააფორმა.

ახალწვეული ჰყავს „რუსთავსაც“ – დავიდ ოლივეირა და სილვა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდის ღირსებას დაიცავს. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი „რუსთავს“ ფინური „ილვესიდან“ შეუერთდა.