ეროვნული ლიგა | ვეტერანმა სიჭინავამ პოკერი შეასრულა - სატურნირო ცხრილში ვითარება დაიძაბა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ვეტერანმა სიჭინავამ პოკერი შეასრულა - სატურნირო ცხრილში ვითარება დაიძაბა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც ვითარება ლიდერთა ჯგუფშიც ძალიან დაძაბა და აუტსაიდერებშიც.

„ვიტ ჯორჯია“ – „სპაერი“ 1:3

„სპაერმა“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა და ეროვნული ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსებს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ცეცხლაძემ (5, 59) დუბლი შეასრულა, ერთიც გეგიაძემ (66) გაიტანა. მასპინძლებიდან თავი ბექა გუგბერიძემ (25) გამოიჩინა.

„დინამო 2“ – „გარეჯი“ 2:2

„დინამო თბილისის 2“-მა საგარეჯოს „გარეჯს“ უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა. თბილისელები პირველ ტაიმში ნიკა ცეცხლაძის (5) და ნიკოლოზ ტკალიას (44) გოლებით დაწინაურდნენ. საგარეჯოელებმა 59-ე წუთზე სხვაობა ბაქარ მირცხულოვას გოლით შეამცირეს, 90+2-ე წუთზე კი გუნდის ბომბარდირმა ლევან პაპავამ თამაში გადაარჩინა.

„სიონი“ – ხობის „კოლხეთი“ 7:0

ბოლნისის „სიონმა“ ლიგა 2 -დან უკვე გავარდნილ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. მატჩის გმირი დათა სიჭინავა იყო, რომელმაც პოკერი (12, 39, 52, 66) და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, თორნიკე კაპანაძემ (56) გოლთან ერთად ანგარიშზე ორი ასისტი ჩაიწერა, თითო გოლი გოჩა ცირდავამ (50) და თამაზ მაქაცარიამ (84) გაიტანეს.

„რუსთავი“ – „არაგვი“ 3:0

ანგარიში მე-7 წუთზე „რუსთავის“ იაპონელმა ნახევარმცველმა, იუტა ნაკანომ გახსნა. 34-ე წუთზე „არაგვის“ მდგომარეობა დამძიმდა – ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე მეორე წითელი ბარათით გააძევეს. მასპინძლების უპირატესობა 54-ე წუთზე მუჰამედ სილამ გაზარდა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

„შტურმი“ – „ლოკომოტივი“ 2:1

აუტსაიდერების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა სართიჭალაში, სადაც „შტურმმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა ბექა შუბითიძის (80) და გიორგი გვასალიას (89) გოლებით 2:1 გაიმარჯვეს. თბილისელებიდან თავი რომან ჩაჩუამ (84) გამოიჩინა.

„რუსთავმა“ 56 ქულა დააგროვა და დაეწია „გარეჯს“ (56), რომელმაც ლიდერობა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით შეინარჩუნა, „სიონმა“ (54) კი საგარეჯოელებთან სხვაობა შეამცირა.

რაც შეეხება აუტსაიდერებს, მე-7 და მე-9 ადგილებზე თანაბარი 38 ქულით ერთდროულად სამი გუნდია – „ლოკომოტივი“, „ვიტ ჯორჯია“ და „შტურმი“. მათ „არაგვი“ მხოლოდ ქულით ასწრებს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ახალი სეზონიდან ლიგა 3-ში ხობის „კოლხეთი“ დაქვეითდება.