ეროვნული ლიგა - „საბურთალომ“ ისევ მოიგო
ეროვნული ლიგა - „საბურთალომ“ ისევ მოიგო

„საბურთალომ“ მორიგი შეხვედრა მოიგო – ეროვნული საფეხბურთო ლიგის ლიდერმა თბილისის „ლოკომოტივს“ „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრის ბედი თავის სასარგებლოდ თამაშის მიწურულს გადაწყვიტა.

ანგარიში 27-ე წუთზე ლოკომოტიველმა უჩა ლობჟანიძემ გახსნა. „საბურთალომ“ წონასწორობა 42-ე წუთზე გიორგი კოხრეიძის პენალტით აღადგინა. გადამწყვეტი გოლი მე-80 წუთზე დავით ვოლკოვმა გაიტანა და „საბურთალოს“ 3 ქულა მოუტანა – 2:1. მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ მესამედ შეხვდა და პირველად დაამარცხა.

გიორგი ჭაბრიშვილის გუნდმა 23 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. მეორეზე თბილისის „დინამოა“, რომელმაც უშუალო კონკურენტი საჩხერის „ჩიხურა“ მის მოედანზე 2:1 დამაარცხა, 48 ქულა დააგროვა და საჩხერელები 10 ქულით ჩამოიტოვა.