ეროვნული ლიგა | ორი მატჩი, ორი ფრე, ორივე 2:2 #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში სანახაობრივი გამოდგა ორი „დინამოს“ დაპირისპირება. თბილისელებმა ბათუმელებს უმასპინძლეს და ქულა მოიპოვეს – 2:2. ამავე ანგარიშით დასრულდა ჩემპიონ „იბერიის“ და ტყიბულის „მეშახტის“ შეხვედრა.
***
შეხვედრა ბათუმელებმა კარგად დაიწყეს და რეზი ჩიტეიშვილის ეფექტური დარტყმით მე-3 წუთზე დაწინაურდნენ. თბილისელებმა ოთხ წუთში სწრაფი კონტრშეტევით წონასწორობა აღადგინეს – 18 წლის ინგუშმა თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა ელიგაში თავი სადებიუტო გოლით გამოიჩინა.
ბათუმელები ტაიმის ბოლოს ისევ წინ გავიდნენ – მე-40 წუთზე კარიდან წინ გამოსული გიორგი ლორიას გადაცემა თორნიკე კირკიტაძემ ჩაჭრა და ცარიელ კარში გაიტანა, მაგრამ რუი მონტეირომ ანგარიში მეორედაც გაათანაბრა და თბილისელები მარცხისგან იხსნა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 6 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.
***
თბილისის „იბერიამ“ ტყიბულის „მეშახტეს“ „მიხეილ მესხი არენაზე“ უმასპინძლა.
ეროვნული ლიგის გამოტოვებული ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა 43-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც გიორგი ჯინჯოლავამ სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა. 55-ე წუთზე კი მასპინძლების სწრაფი შეტევა ამირან ძაგანიამ დააგვირგვინა.
65-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძის გოლით „მეშახტემ“ სხვაობა მინიმუმადე შამცირა, თუმცა ტყიბულელები ამით არ დაკმაყოფილდნენ: მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ერიკ პიმენტელმა „იბერიას“ გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
დაკარგული ქულების მიუხედავად, „იბერიამ“ ქულათა მარაგი 11-მდე გაიზარდა, „რუსთავს“ (10) და „სპაერს“ (10) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა. „მეშახტე“ (7) კი მეცხრე პოზიციაზეა.