ეროვნული ლიგა | ლიდერმა გორის „დილამ“ კონკურენტებთან უპირატესობა გაზარდა #1TVSPORT

22:29, 28.09.2025

ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური გორსა და ბათუმში გამართული შეხვედრებით დასრულდა.

ბათუმში „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დრამატულ დაპირისპირებაში 1:2 დამარცხდა. 43-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში ირაკლი ჯანჯღავას გოლით გახსნეს. ბათუმელებმა წონასწორობა 90+1-ე წუთზე აღადგინეს – შორეული დარტყმით სტუმართა კარი გუნდის კაპიტანმა, ლუკა ქაფიანიძემ აიღო. თუმცა მოსაგებად შეტევაში წასულმა მასპინძლებმა მეორე გოლიც მიიღეს – გამარჯვება „სამგურალს“ კლაუდიო სებოლინიმ 90+5-ე წუთზე მოუტანა.

გორის „დილას“ კონკურენტებთან უპირატესობის გასაზრდელად „კოლხეთთან“ მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. მასპინძლები დიდხანს ვერაფერს უხერხებდნენ სტუმართა დაცვას, თუმცა 74-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ მეკარესთან პირისპირ აბდალა ხლაიხალი დატოვა, რომელმაც გორელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

26 ტურის შემდეგ გორის „დილას“ 59 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. „იბერია“ (53) უკვე ექვსქულიანი ჩამორჩენით მეორე პოზიციაზეა. ბათუმის „დინამო“ გათამაშების ცხრილში 35 ქულით მეხუთეა, ხოლო „სამგურალი“ 26 ქულით – მეშვიდე.

მსგავსი