ეროვნულ ლიგაში მეორე წრე გორში გამართული თამაშით დასრულდა – „დილამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთებზე ხელიდან გაუშვა – 1:1.
მე-18 ტურის შეხვედრაში გორელები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ – სწრაფი კონტრშეტევისას ტაირელ ვაუტერის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ აბუბაქარ კონტემ დამატებაზე მაინც გაიტანა.
ამის შემდეგ მსაჯმა ორი ფეხბურთელი გააძევა – 52-ე წუთზე წითელი ბარათი „კოლხეთის“ ფეხბურთელმა, არჩილ დათუაშვილმა მიიღო, ხოლო 86-ე წუთზე – „დილას“ კაპიტანმა, რომარიკ ეტოუმ.
ფოთელებმა ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრეს – საჯარიმო დარტყმით წონასწორობა გიორგი ახალაძემ აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ორი წრის შემდეგ „დილა“ 39 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „კოლხეთმა“ – 20 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა.
ეროვნული ლიგა მე-19 ტურის მატჩებით 3 აგვისტოს განახლდება.