ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „თელავი“ დაამარცხა და ლიდერს მიუახლოვდა #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ეროვნულ ლიგაში „თელავს“ ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის დაპირისპირებაში თბილისელები მე-16 წუთზე სწრაფი და ეფექტური შეტევის შემდეგ ოთო მამაგეიშვილმა დააწინაურა.
მეორე ნახევარში „იბერიამ“ უპირატესობა 58-ე წუთზე შეიკნე სილას გოლით გაზარდა. ოთხ წუთში თბილისელები კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა 62-ე წუთზე მცველი გიორგი ჯგერენაია მოედნიდან უხეშობისთვის გააძევა.
ამით „თელავმა“ ისარგებლა და სერბი თავდამსხმელის, დეიან გეორგიევიჩის გოლით 64-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
28 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 55 ქულით გორის „დილას“ (52) გადაასწრო, ლიდერ ქუთაისის „ტორპედოსთან“ (57) სხვაობა შეამცირა და მეორე ადგილზეა, „თელავი“ (24) კი პლეი აუტის ზონაში, მე-9 პოზიციაზეა.