ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ სძლია და ჩემპიონატის ლიდერი გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | გორის „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ სძლია და ჩემპიონატის ლიდერი გახდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ ცხრა მოთამაშით დარჩენილი ბათუმის „დინამო“ 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველად გახდა ეროვნული ლიგის ლიდერი.

საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა. ბათუმელები მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – სანდრო ანდრონიკაშვილზე უხეშობისთვის მთავარმა არბიტრმა, ბაქარ ბრეგაძემ დმიტრი მანდრიჩენკო გააძევა.

„დინამოს“ პრობლემები ამით არ დასრულებულა – 66-ე წუთზე ბათუმელთა თავდამსხმელი ლევან ხოზრევანიძე მოედანზე მსაჯის ნებართვის გარეშე დაბრუნდა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ცხრა მოთამაშით დარჩენილმა სტუმრებმა მასპინძელთა ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.

85-ე წუთზე „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სანდრო ანდრონიკაშვილმა გოლად გარდასახა. საბოლოო ანგარიში კი 90+8-ე წუთზე გორელთა ახალწვეულმა, აბდალა ხლაიხალიმ დააფიქსირა.

„დილამ“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, 53 ქულა დააგროვა და „იბერიას“ (52) გადაასწრო, ხოლო ბათუმის „დინამო“ (35) მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.