ეროვნული ლიგა | ბათუმის „დინამომ“ „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-20 ტური „გარეჯისა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით დასრულდა, სადაც სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს.
კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო „დინამო“ ზაფხულის შესვენების დროს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი იძულებული გახდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები დაეწინაურებინა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გავიდა. მასში სრული წვლილი ბათუმელთა ახალგაზრდა შემტევებს მიუძღვით – 20 წლის დაჩი აბუსელიძის გადაცემით 19 წლის ლევან ხოზრევანიძემ ისარგებლა და ეროვნულ ლიგაში თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
20 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 33 ქულა მოაგროვა, ქუთაისის „ტორპედოს“ (31) გადაასწრო და მეოთხე ადგილზე დაბრუნდა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“ (18) გავარდნის ზონაში, მერვე პოზიციაზე დარჩა.