ეროვნული ლიგა 2 | ტალახაძე და თუშიშვილი „გარეჯს“ გულშემატკივრობენ, კვარაცხელია, რობერტო კარლოსი და ძამბროტა - ფოთის „კოლხეთს“ [ვიდეო] #1TVSPORT
2 დეკემბერს, 1️4:00 საათზე საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება ეროვნული ლიგა 2-ის 36-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელშიც მეორეადგილოსანი „გარეჯი“ (75 ქულა) გათამაშების ლიდერს, ფოთის „კოლხეთს“ (76) დაუპირისპირდება.
ფოთელებს ეროვნული ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნით, ხოლო „გარეჯს“ მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს. ამასთან დაკავშირებით გუნდებმა გულშემატკივრებისა და მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყეს.
„კოლხეთის“ გამამხნევებელი ვიდეოები ჩაწერეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, კრისტიან ძაკარდომ და ჯანლუკა ძამბროტამ, ასევე იტალიური ფეხბურთის ვეტერანმა ლუიჯი დი ბიაჯომ, მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა, თურქეთის ნაკრების ვეტერანმა, ჰასან კაბზემ.
მათ გარდა, ფოთელებს ქომაგობენ საქართველოს ნაკრების წევრები: ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ივა გელაშვილი, ირაკლი აზაროვი, გიორგი ქოჩორაშვილი, გურამ კაშია, ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე და ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი, ყოფილი „ჯვაროსანი“ ჯანო ანანიძე, ფოთის გუნდიდან იტალიურ „ფროზინონეში“ გადასული აკაკი გიუნაშვილი. ახლა კი საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ვარსკვლავის, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოც გავრცელდა.
საპასუხოდ, საგარეჯოს „გარეჯმა“ თავისი მხარდამჭერების მიმართვები გაავრცელა – გუნდის მხარდასაჭერი ვიდეო ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ჩაწერა, მათ შორის, ლაშა ტალახაძემ, გურამ თუშიშვილმა და ლევან საგინაშვილმა („ჰალკი“).