ეროვნული ლიგა 2-ის სამ მატჩში ორი გოლი გავიდა - „სამგურალმა“ შანსი ვერ გამოიყენა
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა – ამ სამ მატჩში სულ 2 გოლი გავიდა და ყველა ფრედ დასრულდა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე შედგა – მეოერადგილსოანმა „სამგურალმა“ მესამე პოზიციაზე მყოფ „გაგრას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0. თუმცა, მასპინძლებს მოგების რეალური შანსი 94-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც „გაგრას“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარემ დავით კერესელიძემ გამოცდილი ნახევარმცველის, ლუკა რაზმაძის დარტყმა მოიგერია. ეს ის მეკარეა, რომელმაც დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „საბურთალოსთან“ ორი პენალტი მოიგერია და გუნდი ფინალში გაიყვანა.
ასევე უგოლოდ დასრულდა მატჩი ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“, სადაც „სიონმა“ გათამაშების ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და საბოლოოდ – 0:0. სტუმრები მე-80 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა გურამ გურეშიძეს, მაგრამ დარჩენილ 10 წუთში ბოლნისელებმა ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს.
გოლები მხოლოდ „ვიტ ჯორჯიასა“ და მარტვილის „მერანის“ შეხვედრაში გავიდა, რომელიც „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გაიმართა. ანგარიში მარტვილელებმა 37-ე წუთზე გახსნეს – „ვიტ ჯორჯიას“ კარი ბექა ბიბილაშვილმა აიღო. მასპინძლებიდან თავი 77-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტური კვირას, 22 ნოემბერს დასრულდება – „რუსთავი“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „შევარდენი 1906“ „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ დუშეთის „არაგვს“ დახვდება.
15 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. „სამგურალმა“ (27) და „გაგრამ“ (25) კი პოზიციები შეინარჩუნეს და მეორე-მესამე ადგილზე იმყოფებიან.