ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს

14:27, 03.09.2026

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ წარადგენს. ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა: „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“; „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO; „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი შპს „ნიკოლოზფილმსი“; „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი შპს „ზაზაფილმსი“; „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშილი, პროდიუსერი „კინო იბერიკა“.

ფილმი ფარული კენჭისყრით შეარჩია კომისიამ, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა. ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერია ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

ფილმი „გურია“ შვიდი ქვეყნის: საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთის და საუდის არაბეთის ერთობლივი პროდუქციაა.

ეროვნული კინოცენტრის ცნობთ, ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე ქართული ფილმი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამდე იყო წარდგენილი. გიორგი დანელიას „შემოდგომის მარათონი“ (1979) და თენგიზ აბულაძის „მონანიება“ (1987) საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში საბჭოთა კავშირის სახელით მოხვდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ოსკარზე“ 20-ზე მეტი ქართული ფილმია წარდგენილი. საქართველოს პირველივე ოფიციალური წარდგენა 1996 წელს წარმატებული იყო. ნანა ჯორჯაძის ფილმი „შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი“ (ფრანგულ-ქართული კოპროდუქცია) საუკეთესო უცხოური ფილმის ხუთეულში მოხვდა და „ოსკარის“ ოფიციალური ნომინაცია მიიღო.

მსგავსი