ეროვნულ გამოცდებზე პირბადისა და კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
ეროვნულ გამოცდებზე პირბადისა და კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს, მაგისტრობის მსურველებსა და მასწავლებლებს დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორანავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი უფრო ზუსტი ინფორმაცია, იქნება თუ არა სავალდებულო გამოსაცდელებისთვის პირბადის გამოყენება და დაიშვება თუ არა კონდიცირების ჩართვა.

„როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, 2020 წლის ეროვნული გამოცდების სტუდენტთა, ასევე მაგისტრობის მსურველთა კონკურსის ჩასატარებლად და შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვის, რომლებიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებზე მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო კორანავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

მისი თქმით, თითოეული მერხი უზრუნველყოფილია წინა დამცავი ბარიერით.

„ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული და როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტში, პერმანენტულ მუშაობაში გახლავართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან. უახლოეს დღეებში დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ ყველა სექტორში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაგიდასტურებთ, რომ შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო გამოსაცდელი პირის მიერ მერხის დაკავების შემდგომ რეკომენდაციებს.

„დღეს განვიხილეთ ის სიტუაცია, როდესაც უკვე გამოსაცდელი პირი დაიკავებს ადგილს, ანუ კონკრეტულად განთავსდება მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სივრცეში. მოგეხსენებათ, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ საგამოცდო ბარათები და უკვე იციან თავისი ადგილები, სად უნდა მოთავსდნენ. ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, ადგილის დაკავების შემდეგ ისინი რა წესებს უნდა დაექვემდებარონ. იგივე გაგრილების სისტემებთან დაკავშირებით და პირბადეების გამოყენების წესთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. ​განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია ტექნიკურად, გამართულია კონდიცირების სისტემა. როგორც მოგეხსენებათ და როგორც დღეს გვაქვს რეკომენდაციებში, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში, იცით, რომ გაიმართება სანიტარული შესვენება და დეზინფექცია ჩაუტარდება გარემოს. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს ამ დღეებში შემოგთავაზებთ“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.