ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

13:09, 18.09.2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას უმასპინძლა.

აღსანიშნია, რომ ამ ფორმატის ღონისძიება JP Morgan-თან თანამშრომლობით რეგიონში პირველად ჩატარდა.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა ეკონომიკურ პროგრესში ფინანსური სექტორის როლი და ქართული ფინანსური ინსტიტუტების მზარდი საერთაშორისო აღიარება.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის სულ უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული მაკროეკონომიკური გარემო და მონეტარული პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ ცვლილებებზე და ერთმანეთს ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოცდილება გაუზიარეს. ცალკეული სესიები დაეთმო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე აქტივებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვას, ასევე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივებს.

ღონისძიების მიზანია რეგიონის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაცვლა და საერთო გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში პირველ მსგავს ღონისძიებას სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა თბილისში ამდენი კოლეგის ხილვა, რომლებიც 15-მდე ცენტრალურ ბანკს, განვითარების ორგანიზაციასა და ფინანსურ სექტორს წარმოადგენენ. მსგავსი შეხვედრები ფასეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკების განვითარების განმსაზღვრელ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაზიარების საშუალებას გვაძლევს, არამედ იმიტომაც, რომ ქმნის ღია საუბრის, ერთმანეთისგან სწავლისა და ჩვენს ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობას“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, სომხეთის, ყაზახეთის და სხვა ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მსგავსი