ეროვნული ბანკი - წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 185.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 556.7 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში უარყოფითი წვლილი შეიტანა საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და შემოსავლის ანგარიშებმა. ხოლო მიმდინარე ტრანსფერები დადებითი იყო. 2020 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობამ მშპ-თან 13.0 პროცენტი შეადგინა.
ბანკში განმარტავენ, რომ მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 18.3 პროცენტით შემცირდა და 770.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის კვარტალური ექსპორტი წლიურად 5.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.1 პროცენტით შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -215.0 მლნ აშშ დოლარი (-667.0 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (51.1%-ით) ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალიც (28.5%-ით).
„მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 25.6 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის მესამე კვარტალში 494.0 მლნ აშშ დოლარს (1.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 25.6 პროცენტით გაიზარდა. 24.0 მლნ აშშ დოლარამდე (74.4 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მესამე კვარტალში 185.4 მლნ აშშ დოლარი (575.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 4.3 პროცენტია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.