ეროვნული ბანკი - „სტანდარტ ენდ ფუარსი“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, შეამციროს დაკრედიტების ტენდენციით გამოწვეული რისკები
ეროვნული ბანკი - „სტანდარტ ენდ ფუარსი“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, შეამციროს დაკრედიტების ტენდენციით გამოწვეული რისკები

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსი“ (Standard&Poor’s) პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის ძალისხმევას, შეამციროს დაკრედიტების ტენდენციით გამოწვეული რისკები.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „ბიბი-“-ის (BB -) დონეზე დაადასტურა.

„სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეროვნული ბანკი ინფლაციას მიზნობრივ დონესთან ახლოს შეინარჩუნებს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას აძლიერებს, სარეიტინგო სააგენტო საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებს დადებითად აფასებს, ასევე „სტანდარტ ენდ ფუარსის“ შეფასებით, საბანკო სისტემა მყარ პოზიციებს ინარჩუნებს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია თავის ანგარიშში ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

„სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიხედვით, საქართველოში ინფლაცია ისტორიულად სტაბილურად დაბალია და 2010-2017 წლებში საშუალოდ 4 პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნებას შეძლებს.

ასევე, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სააგენტო ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ეროვნული ბანკის საოპერაციო დამოუკიდებლობა აღნიშნულია, როგორც ინსტიტუტების სიძლიერის კარგი მაგალითი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას აძლიერებს, თუმცა დოლარიზაციის მაღალი დონე კვლავ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოში წლებია მოქმედებს და საგარეო შოკების შერბილების ფუნქციას ასრულებს. წარსულში მცურავი კურსის პირობებში საქართველომ სწრაფად მოახდინა შეცვლილ საგარეო პირობებთან ადაპტირება და იმავდროულად, შეძლო თავიდან აეცილებინა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის საზიანო რყევები ორივე მიმართულებით, რითაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური სირთულეების თავიდან აცილებას და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. საპირისპირო პროცესები განვითარდა რეგიონის სხვა ქვეყნებში, სადაც საკრედიტო კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეკონომიკური პრობლემები”, – აღნიშნავს „სტანდარტ ენდ ფუარსი“.

ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

„აღნიშნულია, რომ რეზერვების დონის განსაზღვრისას ეროვნული ბანკი სწორებას ახდენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის შეფასების მაჩვენებელზე (ARA metrics). რეზერვების შევსების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა წესებზე დაფუძნებული უცხოური ვალუტის შესყიდვის ოფციონები შემოიღო, რომელიც კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს, რომ უცხოური ვალუტა ეროვნულ ბანკს მიჰყიდონ მაშინ, როდესაც ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია გააჩნია. სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ გაზრდილი რეზერვები მომავალში უკეთ დაიცავს საქართველოს საგარეო შოკების დროს. სააგენტოს მოსაზრებით, დოლარიზაციის მაღალი დონე, მიუხედავად 2017 წლის შემდგომ საგრძნობი კლებისა, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას აფერხებს“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ამასთან, უწყების ცნობით, სააგენტო დადებითად აფასებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებაზე მიმართულ ძალისხმევას, კერძოდ – ლიკვიდობის მოთხოვნების განსხვავებას ადგილობრივი და უცხოურ ვალუტის ვალდებულებების მიხედვით, საპენსიო რეფორმის დანერგვას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობასა და დეპოზიტის დაზღვევის შემოღებას.

„აღსანიშნავია, რომ უმოქმედო სესხები (ეროვნული ბანკის გათვლებით) მთლიან სესხებთან მიმართებით 7-8 პროცენტის ფარგლებში ნარჩუნდებოდა, მიუხედავად ლარის დოლართან მიმართებით საგრძნობი გაუფასურებისა და 2015-2016 წლებში ეკონომიკური ზრდის შენელებისა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უმოქმედო სესხები 2018 წლის ბოლოს 2.7 პროცენტს შეადგენდა. ჩვენ ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა საშუალოვადიან პერიოდში რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ ზრდას შეინარჩუნებს”, – აცხადებს კომპანია.

სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელი წლიურად საშუალოდ 14 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინებით) გაიზრდება.

ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პოზიტიურადაა შეფასებული ეროვნული ბანკის ძალისხმევა, შეამციროს დაკრედიტების ტენდენციით გამოწვეული რისკები და აღნიშნულია, რომ გარკვეული მოწყვლადობები მაინც ნარჩუნდება, განსაკუთრებით საცალო სესხების სეგმენტზე.

„სტანდარტ ენდ ფუარსი“ ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს: სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების დანერგვას, სისტემური ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნის შემოღებას და არასაბანკო სექტორის მეთვალყურეობის გაძლიერებას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი