ეროვნული ბანკი – ნოემბერში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 43.8 პროცენტით შემცირდა

17:53, 15.12.2023

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 292.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 792.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 43.8%-ით, ანუ 228.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 75.34 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა; მეორე ადგილზეა იტალია – 42.80 მილიონი აშშ დოლარით; მესამე ადგილს 40.75 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 20.34 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 20.11 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 84.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია.

მსგავსი