ეროვნული ბანკი - ბანკების მიერ გაცემული სესხები ნოემბერში 1.01 მლრდ ლარით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.01 მლრდ ლარით (2.78%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.77%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 37.36 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 313.86 მლნ ლარით (1.97%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 696.31 მლნ ლარით (3.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.16%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.07 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.47%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.98 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.47%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).
2020 წლის ნოემბრის განმავლობაში 2.16%-ით, ანუ 390.68 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 18.47 მლრდ ლარი შეადგინა.
ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.53 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.52 პროცენტული პუნქტით).