ეროვნული ბანკი - 2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2026 წლის აპრილში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 333.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აპრილის მდგომარეობით 6.47 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, აპრილში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 333.3 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 833 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.