ეროვნული ბანკი - 2020 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რიცხვი წლიურად 1.9 პროცენტით შემცირდა
2020 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 12.3%-ით შემცირების ფონზე, დასაქმებულთა რიცხვმა წლიურად 1.9%-ით იკლო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია საუბარი, რომელიც სებ-მა დღეს გამოაქვეყნა.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების კლებამ წლიურად 2.5% შეადგინა და 2020 მეორე კვარტალში ამ მაჩვენებლის საშუალო თვიური ანაზღაურება 1 150 ლარს გაუტოლდა.
„ქვეყნის ეკონომიკაში ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება (შრომის ნაყოფიერება/პროდუქტიულობა), წლიურად 10.5%-ით შემცირდა. ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების ნომინალურმა კლებამ წლიურად 2.5% შეადგინა და 2020 მეორე კვარტალში ამ მაჩვენებლის საშუალოთვიური მნიშვნელობა 1 150 ლარს გაუტოლდა. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი წლიურად 9.0%-ით გაიზარდა. ეს ბოლო წლების განმავლობაში შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი პანდემიის შედეგად გამოშვების კლებაა, რომლის ფონზე საწყის ეტაპზე მომუშავე პერსონალს შრომის ანაზღაურების განაკვეთები ძირითადად მაინც შეუნარჩუნდათ. პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდა ფასებზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, პანდემიის ფონზე, მიწოდების მხარეს არსებული შეზღუდვებისა და გამოშვების კლების გათვალისწინებით, აღნიშნული ზრდა მოსალოდნელიც იყო. შემდგომ პერიოდებში, ეკონომიკური ვარდნის შენელება პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯის ზრდის ტემპზეც შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.