ეროვნული ბანკი - 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) იქნება შესაძლებელი.
შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს.