ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა.
ეროვნული არქივის ცნობით, ეროვნული არქივის ვებგვერდზე ამ დრომდე უკვე განთავსებულია 10-მდე საავტორო და თემატური ფოტოკოლექცია.
„შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართული პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პორტრეტები; თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; თბილისის ხედები, არქიტექტურა და სოციალური ყოფა. კოლექციაში დაცული 1000-ზე მეტი ფოტოდან ონლაინკოლექციისათვის 70-მდე სურათი შეირჩა. კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.