ეროვნულ მუზეუმს მხატვარ თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მხატვარ თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა. ისინი მუზეუმს მხატვრის შვილმა, ლელა ჯაფარიძემ გადასცა.
ეს ნახატები იმ 14 ფერწერულ ნამუშევარს შორისაა, რომლებიც თემო ჯაფარიძის მიერ 1991 წელს საფრანგეთში გამოფენაზე წარდგენის შემდეგ, ბოლო 34 წლის განმავლობაში ქ. ნანტში, ლიტერატორისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის ოჯახში ინახებოდა, წელს კი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგვეხმარა შესანიშნავი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის ნამუშევრების სამშობლოში დაბრუნებაში. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, გასტონ ბუაჩიძის ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა თემო ჯაფარიძის ოჯახს, რომელმაც ხუთი ნამუშევარი სახელმწიფოს გადასცა საჩუქრად“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
