ეროვნულ ლიგა 2 | „გარეჯმა“ ლიდერობა განიმტკიცა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2 | „გარეჯმა“ ლიდერობა განიმტკიცა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მერვე ტურის შეხვედრები დასრულდა, რომლის შედეგებმაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა. ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელისთვის ტური წარუმატებელი გამოდგა. სამაგიეროდ, „გარეჯმა“ წარმატებით ითამაშა და ლიდერობა განიმტკიცა. ჯერჯერობით, „ლოკომოტივი“ და „ვიტ ჯორჯია“ კარგად ვერ გამოიყურებიან და ბოლო ადგილებზე იმყოფებიან.


კოლხეთი (ხ) – დინამო 2 (თბ) 2:0


ხობში გამართულ შეხვედრაში 29-ე წუთზე ანგარიში გიგა წურწუმიამ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე ოთარ ტორაძემ დააფიქსირა.


გარეჯი – ვიტ ჯორჯია 3:0


საგარეჯოს „გარეჯი“ წარმატებულ სერიას განაგრძობს. 63-ე წუთზე ანგარიში სტივენ ბერმუდესმა გახსნა, 76-ეზე თავი ლევან პაპავამ გამოიჩინა, ხოლო 86-ეზე საბოლოო ანგარიში ფელიპე პაიმმა დააფიქსირა.


ლოკომოტივი – კოლხეთი (ფ) 0:1


ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრის ბედი დათა სიჭინავამ გადაწყვიტა – გამოცდილმა ნახევარმცველმა გოლი 77-ე წუთზე გაიტანა და ფოთელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.


მერანი (მრ) – სიონი 1:0


მარტვილში გამართულ შეხვედრაში ბოლნისელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი 27-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც გოჩა ცირდავამ პენალტი დაარტყა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მარტვილელებმა კი შანსით ისარგებლეს – ერთადერთი გოლი დავით მუმლაძემ 50-ე წუთზე პენალტით გაიტანა.


სპაერი – მერანი (თბ) 1:1


სპაერის“ სტადიონზე ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა ზურაბ ღირდალაძემ 58-ე წუთზე გახსნა. წონასწორობა კი 90+4-ე წუთზე გიგა სამხარაძემ აღადგინა.