ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

პოლონეთის საელჩოს პატრონაჟით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მიწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტს ოფიციალურად გახსნის პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლონელი, ასევე ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: ლელა მჭედლიძე (ვიოლინო), ნინო ჟვანია (ფორტეპიანო), იოანა აიერსი (ვოკალი), კამილ ურბანსკი (ფორტეპიანო), გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო), ვილი გრიგორიანი (ვოკალი), პოლონიის გუნდი ნანა კალანდაძის ხელმძღვანელობით (კომპოზიტორი, დირიჟორი, არანჟირების ავტორი), პოლონური სკოლის მოცეკვავეთა და ვოკალისტების ანსამბლი „არწივის მართვეები“, ტრიო „ბრავო“.

სპეციალურად ამ კონცერტისთვის თბილისში ჩამოვიდა ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი და არანჟირების ავტორი კამილ ურბანსკი, რომელიც ვარშავის ჯაზ პიანისტების ფესტივალის მთავარი ჯილდოსა და ჯაზის ბიელსკა ზადიმკას გრან პრის მფლობელია. მას თავისი ალბომისთვის „ინტერპლეი ჯაზ დუო“ გადაეცა პოლონეთის ფონოგრაფიის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო – ფრედერიკ 2013. მისი კონცერტები გაიმართა როგორც პოლონეთში, ასევე აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, დომინიკის რესპუბლიკაში, ვენესუელაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.

კონცერტის თემატური პროგრამა მოიცავს XIX საუკუნის 80-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მევიოლინეს კონსტანტინე გორსკის მივიწყებული ნაწარმოებების პრემიერას და ასევე პოლონური პატრიოტული სიმღერების შესრულებას.

კონცერტის ფარგლებში მუსიკალური კონკურსის „კონსტანტინე გორსკის კვალდაკვალ“ გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის კანცელარიის, პოლონიის ბიუროს დირექტორის სპეციალურ ჯილდოების გადასცემენ.

კონცერტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურულ-საგანმანეთლებლო კავშირი „პოლონია”, შემოქმედთა აქტიური კრეატიული ასოციაცია „ტაკ!“ და წმინდა იადვიგას სახ. პოლონური სკოლა.

კონცერტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 16:30 საათზე დაიწყება.