ეროვნულ ბიბლიოთეკაში გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა

18:00, 05.08.2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გახსნეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ახლა უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია. მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.

2017 წელს რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი (ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და სხვა უნიკალური ექსპონატები) გადასცა.

მსგავსი