ეროვნულ არქივში მეორე სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია და გამოფენა „საქართველოს არქივები“ გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მეორე სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა შიდა პროფესიულ განვითარებას; მიმდინარე სამუშაოების შეჯამებასა და ანალიზს; გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარებას როგორც საარქივო საქმიანობის, ისე სამეცნიერო კვლევების მიმართულებით; არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირებასა და ინსტიტუციური კულტურის გაძლიერებას.
ეროვნული არქივის თანამშრომლებმა თბილისიდან და რეგიონებიდან კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებები საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, არქივთმცოდნეობისა და რეგიონულ არქივებში დაცული გამორჩეული ფონდებისა და კოლექციების შესახებ.
ღონისძიება არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა გახსნეს.
კონფერენციის პარალელურად, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს არქივები“, რომელიც ფართო საზოგადოებას საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ არქივში დაცულ დოკუმენტურ მემკვიდრეობასა და ისტორიულ ფოტომასალას გააცნობს.
გამოფენა შეტანილია არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მიერ ინიცირებული „არქივების საერთაშორისო კვირეულის“ საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს არქივების მნიშვნელობას მსოფლიო საარქივო სივრცეში.
საქართველოს ეროვნული არქივი, როგორც ICA-ის წევრი უწყება, არქივების საერთაშორისო კვირეულს ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.