უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე გერმანულ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მატჩში „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან ერთი გოლის გატანა ნორვეგიელმა ერლინგ ჰალანდმა მოახერხა და ამით მან ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა გათამაშებაში 40 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად მოახერხა, ჰალანდს ამისთვის 35 მატჩი დასჭირდა.
ამის გარდა, 23 წლის სკანდინავიელი თავდამსხმელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 40 გოლი დააგროვა, მან კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტიმ“ უკვე დააგროვა 15 ქულა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.