შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაუჩინარებულთა ადგილსამყოფელის დასადგენად ერგნეთში შეხვედრა გაიმართა
შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაუჩინარებულთა ადგილსამყოფელის დასადგენად ერგნეთში შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტების დროს გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის გარკვევა.

საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით 2010 წელს შეიქმნა. მექანიზმის ფარგლებში ერთმანეთს ხვდებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, რათა დაისახოს შემდგომი ნაბიჯები 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათ შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრის გასარკვევად.

„მონაწილეთა ჩართულობას მექანიზმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახებმა პასუხი მიიღონ თავიანთი ახლობლების შესახებ“, – განაცხადა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოპერაციების კოორდინატორმა ნიკოლა ფლერმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას თავმჯდომარეობდა.

მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა გაკეთდა 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრის შემდეგ. ყურადღება დაეთმო ინფორმაციის მოძიებას სავარაუდო სამარხების შესახებ.

„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წარმოებული დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა. შესაბამისად, გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ ყველა თანხმდება გაუჩინარებული ადამიანების მოძიების აუცილებლობის თაობაზე“, – განაცხადა ნიკოლას ფლერმა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს.