ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 114-ე შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 114-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც
განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამასთან, იმსჯელეს ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკისა და აღნიშნულის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.

„დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი ოთხი თანამოქალაქე. ახლო მომავალში გვექნება საშუალება, რათა ოჯახებს ვამცნოთ გარკვეული პოზიტიური ამბავი მათ ბედთან დაკავშირებით. ე.წ. ბორდერიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ჩვენი დღის წესრიგის. ჩვენ განვიხილეთ თითოეული ინციდენტი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პროტესტი და მიუღებლობა. ეს პროცესი ძირეულად ლახავს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და ყოველდღიურად რისკის ქვეშ არის მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოპონენტების პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია და ძირეული პროგრესი აქ არ ყოფილა. ამის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს პროცესი, რომელიც უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, იყოს შეჩერებული და შეიცვალოს ჰუმანიტარული მიდგომებით“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2023 წლის პირველ ნოემბერს ჩაინიშნა.